суббота, 16 февраля 2019 г.


    



მოსწავლეთათვის!

              შენც შექმენი მომავალი...


     ბავშვებო, მინდა გიამბოთ და გაგიზიაროთ გამოცდილება ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული ახალგაზრდების აქტიურ მოქალაქეობრივ მოვალეობა- ვალდებულებებზე. მათ პატარა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან როლზე ჩვენი სკოლის სინამდვილეში.
    გასული წლებიდან სამოქალაქო განათლების საგანს ვასწავლი ქვემო ხვედურეთის საჯ. სკოლაში. საგაკვეთილო პროცესში აქტიურად ჩართვამ განაპირობა ის ფაქტი, რომ მოსწავლეების ინიციატივით სკოლაში ჩამოვაყალიბეთ კლუბი-„მომავლები
  გავწევრიანდით ქ. გორში არსებულ არასამთავრობო ორგანიზაცია „ბილიკი“-ში. რომელიც 1999 წლიდან დღემდე ახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დაფინანსებულ პროგრამა“მომავლის თაობა“ ფარგლებში პროექტებს.პროგრამის მიზანია: გააუმჯობესოს სკოლებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება.
  ორგანიზაცია პერიოდულად გვიგზავნიდა თემებს და გვთავაზობდა მცირე გრანტიან პროექტებს განსახორციელებლად. პროექტები სხვადასხვა თემატიკას მოიცავდა. მოსწავლეებმა ჩემთან შეთანხმებით აირჩიეს თემა „ ჯანსახი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია“ და დავიწყეთ პროექტზე მუშაობა. პროექტი როგორც ზემოთ ავღნიშნე მცირე გრანტით ფინანსდებოდა. 450 დოლარი. და 1000 ლარი თანადაფინანსება.
     პროექტის პირველ ეტაპზე დავიწყეთ პრობლემის კვლევა, როგორც სკოლაში ასევე თემში. გამოკითხვის შეჯამების შემდეგ გამოვყავით ყველაზე და ყველასთვის აქტუალური პრობლემა - სკოლაში არსებულ ბიბლიოთეკაში -მწირი ლიტერატურა.
  მოკლედ ბევრი, რომ აღარ გავაგრძელო დავიწყეთ პრობლემის მოგვარების ალტერნატიური გზების ძიება. ჩავიფიქრეთ და შემდგომში განვახორციელეთ გაგვემდიდრებინა სკოლის ბიბლიოთეკა სასკოლო, თუ კლასგარეშე სახელმძღვანელოებით. მოსწავლეებს მივეცით საშუალება ბიბლიოთეკიდან ესარგებლათ სასწავლო პროგრამებზე მორგებული ლიტერატურით. გაემდიდრებინათ თვალსაწიერი და განვითარებულიყვნენ.თანადაფინანსებისთვის ვითანამშრომლეთ ადგილობრივ თემთან. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სასწავლო და სათემო აქტივობები ხელს უწყობს, როგორც აკადემიური მოსწრების ამაღლებას სკოლებში, ასევე დემოკრატიულად მოაზროვნე მოქალაქეებად ჩამოყალიბებას, რაც ღია სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების წინაპირობაა.
   გამოგიტყდებით მიკვირდა ჩემი მოსწავლეების აქტიურობა, მიზანდასახულობა და ამით დღესაც ვამაყობ. მოსწავლეებს კარგად ჰქონდათ გააზრებული,თუ რა პრობლემას უწევდნენ ადვოკატირებას.გააზრებული ჰქონდათ არასასურველი რეალობა და ძალისხმევას არ იშურებდნენ სასურველით ჩაენაცვლებინათ.
  მოსწავლეები რამდენჯერმე შეხვდნენ ადგილობრივ თემის წარმომადგენლებს. მსჯელობდნენ პრობლემაზე და გადაჭრის გზებზე.
         არსებულმა გარემოებამ დამარწმუნა, რომ ყველა მხარდამჭერი ორგანიზაცია მზად არის თანამშრომლობისთვის, როცა მოსწავლეებისგან მოდის საქმისადმი კეთილდამოკიდებულება, მონდომება. ურთიერთთანამშრომლობამ განაპირობა კლუბის წარმატება. „მომავლებმა“ სკოლას შესძილეს „50 მსოფლიო ნარჩევი ლიტერატურა“.
       პროექტის მიზანი იყო: განათლებული, ინფორმირებული, კრეატიული მოქალაქედ ჩამოყალიბების ხელშეწყობა. რაც მნიშვნელოვანი და მისაბაძია თქვენთვის.
  ბავშვებო მინდა გითხრათ,რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი აქტივობა ხასიათდება მდგრადობით. ამის დასტურია ის ფაქტი,რომ სკოლაში  იმართებოდა პოეზიის საღამოები, პრეზენტაციები, კონკურსები. ამაღლდა მოსწავლეების და სოფლის ახალგაზრდების ჩართულობა სასკოლო აქტივობებში. მოსწავლეები აზროვნებდნენ უფრო მასშტაბურად, აუმაღლდათ მედია და ციფრული წიგნიერების უნარები.გამოუმუშავდათ ადვოკატირების კამპანიის და დამოუკიდებლად აზოვნების უნარი.
        სტატიის მთავარი მიზანი უკავშირდება ჩემ ჩანფიქრს იმასათან დაკავშირებით,რომ გამეზიარებინა თქვენი წინამორბედი მოსწავლეების წარმატებები. იმედი მაქვს, რომ მსგავსი აქტივობები გადამდები იქნება თქვენთვის და ყველა მოსწავლისთვის.  მინდა მოგახსენოთ მოსწავლეებო! დაინტერესდეთ და გაიზიაროთ გამოცდილება, შეისწავლოთ საკითხები სიღრმისეულად, იყოთ ინიციატორები, რაც შეიძლება მეტი იზრუნოთ საზოგადოებრივი სარგებლიანობის საქმიანობაზე. იზრუნოთ ქვეყნის საკეთილდღეოდ. არ იცხოვროთ არსებულის ხარჯზე, შეძლოთ საკუთარი თავის რეალიზება და დამკვიდრება, როგორც ქვეყნის შიგნით , ასევე  მის ფარგლებს გარეთ.
       გახსოვდეთ!
ქვეყანას განათლებული, კრეატიული, პასუხისმგებლიანი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მომავალი თაობა გადაარჩენს. გისურვებთ წარმატებებს ჩემო ძვირფასებო!!!
                                                                                                                                                          
                                                                                      სტატიის   ავტორი: თამარ არხოშაშვილი